ანრი ოხანაშვილი კახიძის განცხადებას ეხმაურება

საპროკურორო საბჭოს წევრი ანრი ოხანაშვილი ოთხარ კახიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ შესაძლოა შოთაძესთან მიმართებით პოლიტიკური დაინტერესება ჰქონდეს.

“თუ ისინი აპელირებენ, რომ მათ ანტერესებთ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით შეკითხვები დასვან, მობრძანდნეს, პროცესში მონაწილეობა მიიღოს და დასვას. თუ ფარსია ეს პროცესი, ბატონ შოთაძესთან მიმართებით რატომ მოდის და რატომ სურს შეკითხვების დასმა?! თუ ეს პროცესი მისთვის ფარსია, მაშინ მისი ამ პროცესში მონაწილეობა საერთოდ აზრს უნდა იყოს მოკლებული. ამიტომ, საკუთარ თავთან მოდინ წინააღმდეგობაში, რადგან, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ეს პროცესი დადგმულია. თუ ეს პროცესი დადგმულია, რატომ აცხადებს, რომ უნდა მოვიდეს და დასვას კითხვები საპროკურორო საბჭოში მხოლოდ ერთ კანდიდატთან?! ეს მიუთითებს მათ პოლიტიკურ დაინტერესებაზე. ნაცვლად იმისა, რომ შეკითხვა ყველა კანდიდატს დაუსვას და შეიქმნას წარმოდგენა, თუ რომელი კანდიდატია უკეთესი, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ პოლიტიკური დაინტერესების გამო მხოლოდ ერთ კანიდადატთან მიმართებით მიიღონ გასაუბრებაში მონაწილეობა. ეს იმას მიუთითებს, რომ ისინი საკუთარ თავთან მიმართებით მოდიან წინააღმდეგიბაში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მან დასძინა, რომ რეალურად პროკურორობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ყველასთვის გახსნილია.

“ამ ფორმით, ” ლაივ სტრიმის” მეშვეობით არასდროს წარმართულა გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება. ეს იმას მიუთითებს, რომ საპროკურორო საბჭო გახსნილია იმისათვის, რომ საზოგადოებამ თვალ-ყური მიადევნოს ამ პროცესს “ლაივ სტრიმში”. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება დააკვირდეს პროცესს, თუ როგორ მიმდინარეობს კანდიდატებთან გასაუბრება. გასაუბრება ინდივიდუალურად წარიმართება თითოეულ კანდიდატთან. უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი დრო, რომ საბჭოს თითოეულ წევრს საკმარისი დრო ჰქონდეს შეკითხვის დასმისთვის და პასუხის მისაღებად”, – დასძინა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ, განაცხადა, რომ მხოლოდ ირაკლი შოთაძესთან გასაუბრებას დაესწრება.