ბექა ნაცვლიშვილი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს: თქვენი მხრიდან, ისეთი კომპანიის დაცვა, როგორიც “ფრონტერაა”, ყველაფერს ჩრდილს აყენებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია “ფრონტერას” საქმიანობის შესახებ დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს წერილით მიმართა.

კომპანიის ოთხმა ყოფილმა თანამშრომელმა პრესკონფერენცია დღეს დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად გამართა.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ გასული წლის 17 დეკემბერს დავალიანების ანაზღაურება მოითხოვეს და პროტესტის ნიშნად აქცია გამართეს, რის გამოც 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მათი ხელფასი დაახლოებით 600 ლარი იყო და დავალიანება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

„ჩვენ ვართ ამაყი ხალხი. ჩვენ არ ვართ კოლონია, სადაც არის ადგილი, რომ უბრალოდ უცხო ქვეყნის კომპანიებმა ფული აკეთონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ექსპლუატაციის ხარჯზე“, – აცხადებს წერილში დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

მათივე ინფორმაციით, კომპანიას საქართველოდან 5 500 ტონა ნავთობი აქვს გატანილი და მათ დავალიანების ანაზღაურების ფინანსური რესურსი აქვთ.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების ინფორმაციით, დავას სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არბიტრაჟი იხილავს.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, ის მიესალმება საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს, თუმცა მოითხოვს, რომ „როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი კომპანიების ნებისმიერი ტიპის ბიზნეს აქტივობამ, თანაბარი სარგებელი მოუტანოს დასაქმებულსაც და ბიზნესსაც“.