მაინც მადლიერი ვარ, ჩემი შენიშვნის შემდეგ, სადაც მივიდა – წულუკიანი ლომჯარიაზე

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ პატიმარი პოლიტიკოსების მონახულებას ეხმაურება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ომბუდსმენი არა სხვა პატიმრებს, არამედ მათ ესტუმრა, “მაინც მადლიერია”. ამის შესახებ წულუკიანმა იმედის ეთერში ისაუბრა.

“როდესაც სახალხო დამცველი ჩემი შენიშვნის შემდეგ გამოცხადდა არა უვადო პატიმრებთან, არა ბავშვებთან, არა ქალებთან და მივიდა იქ სადაც მივიდა, მე მაინც ვარ მადლიერი და იმედს ვიტოვებ რომ ეს არ იქნება ბოლო ვიზიტი”- ამბობს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სახალხო დამცველს 21 იანვარს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდა, სადაც სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს განიხილავდნენ ციხეებში მდგომარეობის შესახებ. მინისტრმა სახალხო დამცველი გააკრიტიკა და უთხრა რომ მისი წარმომადგენლები პატიმრებთან დახეული ჯინსებით დადიან, რაც შეუფერებელია და ასევე უსაყვედურა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების სახალხო დამცველი არ არის.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების თემას, ამაზე მინისტრი ამბობს, რომ არიან პატიმრები, რომლებიც ყოველთვის და სისტემატურად ცდილობენ გავლენა მოახდინონ, დაიმორჩილონ სხვა პატიმარი. „მაგრამ მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ იმ ზომებმა, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, და სამწუხაროდ არც კი მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში, კერძოდ, 46 ასეთი პატიმარი შარშან დახურულ დაწესებულებაში გადავიყვანეთ, უფრო მეტიც, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში მივეცით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.