ქუთაისის აეროპორტში კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო

თბილისის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება დაიწყო ქუთაისის აეროპორტშიც. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსთან დაკავშირებით გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა.

“ჩვენი სამსახური ჩაერთო კორონავირუსის გამოვლენის საქმეში. ვამოწმებთ ყველას, ვისაც აქვს კონტაქტი იმ ქვეყნებთან, სადაც ეს ვირუსი დაფიქსირდა. ამ ეტაპზე შემოწმებული გვყავს 10 მგზავრი. აქედან ზოგი თავისით მოვიდა და გვთხოვა შეგვემოწმებინა, რადგან მათ გაიარეს ჩინეთში. არცერთ მგზავრში საბედნიეროდ არ გამოვლინდა მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსი. ზოგადად საქართველო ითვლება დაბალი რისკის ქვეყნად ამ ვირუსთან მიმართებით. ვიდრე საფრთხე იარსებებს, მსგავსი ტიპის შემოწმება ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტრში გაგრძელდება. ჩემი ჯგუფი 24-საათიან მორიგეობაში რჩება”, – აღნიშნა ექიმმა თამუნა დოლიძემ.

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505 და 116 001. 1505-ზე მოქალაქეს შეუძლია დარეკოს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 116 001 მუშაობს სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.