საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დღეიდან იწყებს

საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს. საბჭოს წევრები 10:00 საათზე ტექნიკურ შეხვედრას გამართავენ, სადაც პროკურორობის მსურველებთან ინტერვიუს წარმართვის რეგლამენტს განსაზღვრავენ, 11:30 საათზე კი პირველ კანდიდატთან ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყება გასაუბრება.
როგორც ცნობილია, ანბანური თანმიმდევრობით დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ, ინტერვიუების ნახვა კი მოქალაქეებს საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით შეეძლებათ.

მათივე ინფორმაციით, გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა პირს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.