„ჩვენს ქვეყნებს შორის არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ – საქართველოში ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს ქვეყნებს შორის ქართველების ისრაელში ლეგალურად დასაქმების საკითხი მოგვარდება. მან დასძინა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც უნდა მოგვარდეს.

„ახლა საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისრაელშია და ეს საკითხი ერთ-ერთია, რომელსაც ის ჩვენს ლიდერებთან განიხილავს. ორივე მხარე მუშაობს ამაზე. ჩვენს ქვეყნებს შორის არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ისრაელში დასაქმდნენ. ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ“,- განაცხადა რიდ გიროდიმ.

მან აღნიშნა, რომ ისრაელი პატარა ქვეყანაა, ამიტომ საჭიროა დასაქმების მსურველთა კატეგორიზაცია და სწორედ ესარის ის მიზეზი, რაც წარმოქმნის პრობლემებს.
„ჩვენ გვყავს უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, აფრიკიდანაც კი, რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან. ისრაელი ბევრად პატარაა საქართველოზე და ჩვენ არ შეგვიძლია ყველა მსურველის დასაქმება. შესაბამისად, უნდა მოვახდინოთ კატეგორიზაცია და პრიორიტეტების გამოყოფა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისრაელის მეგობარი ქვეყანაა, ვიმედოვნებთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით,”- ამბობს ელჩი.