მზად ვარ პირადად გავაცნო ობიექტური რეალობა წერილის ავტორებს – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ „ წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ“.

“ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, დავსხდეთ და ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ როგორი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების ან შეფასებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები იმ მეგობრობის და საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ-ი მხარს უჭერს. შეიძლება, შეფასებებში იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ; ყველას ყველაფერს ავუხსნით და ყველას ყველაფერს დავანახებთ, ზუსტად ისე, ობიექტურად, როგორც ეს ჩანს თბილისიდანაც, ვაშინგტონიდანაც, ბრიუსელიდანაც და სხვა დედაქალაქებიდანაც, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად და ხაზგასმით აღიარებენ იმ პროგრესს დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ გაიარა. ეს სახეზეა. ამ წერილში გარკვეული ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა. საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება. ამასაც ჩვენს მეგობრებს და კოლეგებს ავუხსნით დეტალურად, ციფრებით, კონკრეტული მაგალითებით და იმ შედეგებით, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაღწევთ”, – განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის მზად არის პირადად გააცნოს ობიექტური რეალობა წერილის ავტორებს.

მსგავსი სტატიები