“ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ – გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებსაც ყოველდღიურად აწყდებიან საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის 20%-ის ოკუპირების გამო.

“ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან – ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, – განაცხადა პრემიერმა.