სარალიძე კალანდიას არ მოუკლავს – მირზა სუბელიანის შვილი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე, მირზა სუბელიანის შვილმა განაცხადა, რომ სარალიძე კალანდიას არ მოუკლავს.
„ჩემი მყარი პოზიცია მაქვს და ამის თქმის არ მომერიდება, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილი მკვლელი არ არის, არა იმიტომ, რომ ჩემი დეიდაშვილია. ამის თქმა, რომ მინდოდა იმიტომ მინდოდა სხდომა ღია ყოფილიყო. გიორგისა და სარალიძეს შორის იყო უშუალო ჩხუბი, მიბჯენილი ჰყავდა ჯანაშიას სარალიძე, გიორგიმ ამოიღო დანა და დაარტყა ერთხელ, ან რამდენჯერმე”, – აცხადებს სუბელიანი.

მან დაძინა, რომ ლევან დადუნაშვილთან გუგა ბარბაქაძემ დანა გამოიყენა. ასევე ბარბაქაძემ და გიორგი მენაბდემ დანა გამოიყენეს სარალიძესთანაც.

„ბარბაქაძესაც აქვს დანა გამოყენებული სარალიძესთან, მენაბდესაც, მაგრამ რამდენად რეალურია ეს არ ვიცი. თვალი მოვკარი ბარბაქაძემ ხელი მოუქნია დადუნაშვილს. რაღაც საგანი ეჭირა, ეს უფრო შემდეგ დღეებში აღვიდგინე, იმ მომენტში მეგონა, რომ უბრალოდ ჩხუბი იყო, ალბათ, დანა იყო”, – თქვა სუბელიანმა.

მან ასევე ისაუბრა სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ ინციდენტზეც, ასევე იმაზეც, თუ როგორ მიიყვანა მირზა სუბელიანმა ის პოლიციის განყოფილებაში. ირკვევა, რომ ის კალანდიას სავარაუდოდ ტელეფონით შეეხმიანა და დახმარება სთხოვა, დეიდაშვილმა კი მას დახმარების ხელი გაუწოდა.

„ფაქტობრივად შევრიგდით, რა დროსაც დათო სარალიძე უკანა ფლანგებში იყო, გამოვიდა და უხეშად დაიწყო საუბარი, რაზეც გიორგი ჯანაშიამ ხელი მიადო მხარზე და დამშვიდებისკენ მოუწოდა. სარალიძე აგინებდა, ვის ეხებიო, შეხლა-შემოხლა რომ დაიწყო, ბიჭები შუაში ჩადგნენ და დაიწყო გაშველება. საბოლოო ჯამში, ვერ შეაკავეს ერთმანეთი და ჩხუბი ატყდა. ხალხი აშველებდა, ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა, სავარაუდოდ, სარალიძის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა და გიორგიმ დაარტყა. ვიღაცამ დაიყვირა სისხლიო“, – დასძინა სუბელიანმა.