„საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში აცხადებს, რომ უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ბრძოლის ველად ქცეული.

ევროპარლამენტარი ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა შესანიშნავი ხალხით.

„დღეს მე შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავასთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან, სადაც გავაგრძელეთ თემები, რომელზეც ვისაუბრეთ თბილისში, 2019 წლის დეკემბერში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დროს.
მადლობა გადავუხადე მათ გულთბილი მიღებისთვის, რომელიც დეკემბერში თბილისში მივიღეთ ევროპარლამენტის ყველა წევრმა, მათ შორის მეც. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, შესანიშნავი და ძლიერი ხალხით და ნებისმიერი სტუმარი აღფრთოვანებული იქნება მათი სტუმართმოყვარეობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მან აღნიშნა, რომ პირველი, რომელი საკითხიც განიხილეს იყო რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის ოკუპირების საკითხი.

„მუდმივად ვრცელდება ცნობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ განხორციელებული შევიწროებისა და მუქარის შესახებ. მე კიდევ ერთხელ დავარწმუნე დელეგაცია საქართველოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემს სრულ მხარდაჭერაში.

მეორე თემა, რომელსაც ჩვენ განვიხილეთ, იყო ეკონომიკა და მისი ზრდის შესაძლებლობები. საქართველოს გააჩნია ბიზნესის მაღალი პოტენციალი შესანიშნავი პროდუქტებით, როგორიცაა ღვინო და უმაღლესი ხარისხის მომსახურება, როგორიცაა ტურიზმი. ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტების და სერვისების უფრო ძლიერი წარმომადგენლობა ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

მათ ასევე განიხილეს საქართველოს შიდა ვითარებაც.
„მესამე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი, საკითხი, რომელიც განვიხილეთ, იყო საქართველოს ამჟამინდელი შიდა სიტუაცია, განსაკუთრებით ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის 21 იანვარს გაკეთებული განცხადებების შემდეგ. ქართველები მრავალი წელია, მხარს უჭერენ ქვეყნის გზას ევროპისა და ნატო-სკენ. დემოკრატიული გზისადმი ამ ერთგულების გამო, საქართველო ამ დრომდე იხდის მაღალ საფასურს რუსეთის ფედერაციის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციით.
გასული წლების განმავლობაში საქართველომ გაიარა ღრმა დემოკრატიული რეფორმები, რამაც აჩვენა ქვეყნის და მისი მთავრობის ერთგულება დასავლეთის გზაზე და დემოკრატიული ფასეულობებით, კერძოდ კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი პატივისცემით.გარდა ამისა, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის დემოკრატიული მსოფლიო ოჯახის ერთგული და პასუხისმგებელი წევრი, ევროკავშირისა და ნატოს საიმედო პარტნიორი.
საქართველოში არსებული ნებისმიერი შიდა პოლიტიკური დებატი, რომელიც ნორმალურია ნებისმიერი დემოკრატიის პირობებში, არ უნდა აღემატებოდეს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ რეფორმებსა და უწყვეტ პროგრესს, მტკიცედ განსაზღვრისა და გადამწყვეტი გზით.

საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უსამართლობაა შესანიშნავი ქართველი ხალხისთვის, იხილონ თავიანთი ქვეყანა ქცეული ბრძოლის ველად ევროპის სახალხო პარტიასა და სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ საუკეთესოდ მიესადაგება, თუკი ის დემოკრატიულ საზღვრებშია“,- წერია განცხადებაში.

ევროპარლამენტარმა დასძინა, რომ საქართველო იქნება ძლიერი მანამ, სანამ მისი ხალხი იქნება ერთიანი.

„მოვუწოდებ ქართველებს, დააყენონ საკუთარი ქვეყანა პირველ ადგილზე და არ დაუშვან, რომ პოლიტიკურმა უთანხმოებებმა, რომლებიც ნორმალურია დემოკრატიისთვის, დაყონ ისინი“,- აღნიშნულია სოციალურ წრეში გავრცელებულ წერილში.