გიორგი გახარიამ ხორვატ კოლეგასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა.

საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობას, ასევე – აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.

მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოლოდინებზე და განიხილეს სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ-მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ივნისის სამიტის აქტიურ სამზადისში.

გიორგი გახარია ხორვატ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს და მისი ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.