გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირებს მკურნალობას მარტიდან დაუფინანსებენ

თბილისის მერი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირებს მკურნალობას დაუფინანსებს.

ამის შესახებს კახა კალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1 პირისთვის 24 000 ლარი გამოიყოფა.
“მოგეხსენებათ, გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა და მის მკურნალობას სჭირდება საკმაოდ დიდი ფინანსები და ძალისხმევა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო – ჩვენ ადამიანებს არასდროს დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყოველთვის გვერდით დავუდგებით. თითოეული პაციენტისთვის წლიურად საჭიროა 24 000 ლარი. სოციალურად დაუცველები 100%-ით დაფინანსდებიან, ხოლო ვინც ამ სტატუსს არ ატარებს, მათ 80%-ით დაუფინანსდებათ მედიკამენტები.
ადრეულ სტადიაზე აღნიშნული დაავადების მკურნალობა ნიშნავს სრულფასოვან ცხოვრებას, საზოგადოებისგან მოწყვეტისა და შრომისუნარიანობის დაკარგვის გარეშე. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა კალაძემ.