„ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს“ – რამაზ ჩინჩალაძე

ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ, მოსამართლეს სასჯელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

„ჩვენ ვასაჩივრებთ დადუნაშვილის ეპიზოდს, ხოლო ბრალდების მხარე ასაჩივრებს დავით სარალიძის ეპიზოდს. ორმა ინსტანციის სასამართლომ პროკურატურას არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი გასცა ორ განაჩენში. უმარავი არგუმენტი მაქვს ჩემ საკასაციო საჩვარში იგივე დანისა და ჭრილობის პარამეტრებთან დაკავშირებით. ეს არგუმენტები შეეხება ექსპერტიზის დასკვნებს, ფარულ აუდიო ჩანაწერს. ძალიან ბევრი ფაქტის, არგუმენტისა და მტკიცებულების ერთობლიობა მაქვს იმისათვის, რომ ჩემი პოზიციის სიმართლე ვამტკიცო“, – აცხადებს ადვოკატი.

მან დასძინა, რომ მართალია, მსჯავრდებულმა გარდაცვლილს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა, თუმცა წელის არეში, რაც სასიკვდილო არ იყო.

„მე ვითხოვ სასჯელის არა გაუქმებას, არამედ სასჯელის შეცვლას, რაც სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ გ.ბ.-ს დადუნაშვილისთვის მიყენებული აქვს კონკრეტული ჭრილობა წელის არეში. ამას არც თავიდან უარვყოფდით. ამის დასამტკიცებლად, რომ მხოლოდ ეს ჭრილობა არის მიყენებული და არა სასიკვდილო ჭრილობა, ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს. მათ შორის, ფარული ჩანაწერი, რაც სარწმუნოდ მიაჩნია ბრალდების მხარეს და მეც დავეთანხმები, სადაც გ.ბ. ამბობს, რომ დანის პირზე დავადე ხელი, რომ ჩემ მიერ მოქნეული დანა ღრმად არავის მოხვედროდაო. ეს არ არის მხოლოდ ფრაზები, ეს დადასტურებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით, სადაც გ.ბ.-ს ნამდვილად მარჯვენა ხელის მეორე თითზე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც ხელი დანაზე ჰქონდა მოკიდებული. არსებობს კონკრეტული მოწმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მან დაინახა დანა, რომელიც ვერცხლისფრად პრიალებდა, საქმეში კი ნივთმტკიცება შავი ფერისაა“ – დასძინა ჩინჩალაძემ.