საბაჟო პუნქტთან „მარიხუანას“ უკანონოდ შემოტანის ფაქტზე პირი დააკავეს

საქართველოში „მარიხუანას“ უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საბაჟო პუნქტთან პირი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს.
„18 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი”, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 8,1 კილოგრამი „მარიხუანა“ გამოვლინდა. რისკის საფუძველზე აღნიშნული ბარგი ექვემდებარებოდა საბაჟო კონტროლს, რის შედეგადაც სამართალდარღვევის ფაქტი დადგინდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

გამოძიება სსკ-ის 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.