გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა და მოინანია

დავით სარალიძის მკვლელობაში მსგავრდებულმა, გიორგი ჯანაშიამ, დანაშაული აღიარა და მოინანაია. ამ ინფორმაციას საქმის პროკურორი, თორნიკე ნადირაძე ასაჯაროვებს.
„დღეს განახლდება საქმის განხილვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარე წარმოადგენს საკასაციო საჩივარს ბრალდებულ გ.ბ.-სთან მიმართებით. გარდა ამისა, ბრალდების მხარე წარმოადგენს შუამდგომლობას საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით. საბოლოო ჯამში, სასამართლო ასევე მოისმენს საკასაციო საჩივარს გ.ბ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატისგან.

საპროცესო შეთანხმება მიღწეულია გ.ჯ.-სთან მიმართებით. ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სწორედ, ამის გათვალისწინებით, მხარეებს შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება. პირობებთან დაკავშირებით, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ტიპის შეთანხება შედგა ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის.

ამ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოში არ ეთანხმებოდა მის მიმართ წაყენებულ ბრალს. თუმცა, ამ ეტაპზე მან მის მიერ განხორციელებული ქმედება აღიარა. სწორედ აქედან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის გაფორებული იქნა საპროცესო შეთანხმება”, – აცხადებს ნადირაძე.