„არანაირ სანქციებს არ ველოდებით“ – დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ არანაირ სანქციებს არ ველოდებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ასახული.

„თანმიმდევრული ვართ დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულებაა და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატებში, საქართველო ერთგულია მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთოს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთიება ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის, ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, მათ შორის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული,“- აცხადებს ზალკალიანი.
მან დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად იყო ყველა დასმული კითხვისთვის ეპასუხა, თუმცა ამისთვის მათ მხოლოდ 1 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში დებატები. იცით, რომ დებატების ძირითადი მიზანი გახლდათ ევროპარლამენტარებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უმძიმესი სიტუაციის გაცნობა, მათ მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია. ბუნებრვია, იქ იყო რამდენიმე კითხვა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან გაჟღერდა. ჩვენ ვიყავით მზად, ამომწურავი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მათთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი წუთი, წუთნახევარი დაეთმო საქართველოს წარმომადგენლებს იმისთვის, რომ ყოვლისმომცველი ინფორმაცია მიეწოდებინათ იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ გვექნეება საშუალება, საქართველოს, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ ევროპარლამენტარებთან ურთიერთობა, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობის მომხრე ვართ და საჭიროა მუდმივი საუბარი, მუდმივი დიალოგი, რომ მათ ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, გუშინ, ბრიუსელში, საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.