დღეს, პარლამენტში იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს უსმენენ

დღეს, საქართველოს პარლამენტში სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს უსმენენ.
ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარ სოფო კილაძე განცხადებას აკეთებს.

“მოსმენა მოითხოვა სახალხო დამცველმა და ასევე, პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა. ჩვენ ორივე მათგანის მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ჯერ გვექნება ქალბატონი ლომჯარიას, შემდეგ ქალბატონი თეა წულუკიანის მოსმენა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გვქონდეს განხილვა, მით უკეთეს, როცა იყო გარკვეული ცალმხრივი ბრალდებები არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან და ასევე, ომბუდსმენმაც გარკვეულ საკითხებზე მოახდინა აპელირება, ამას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. დარწმუნებული ვარ, რეფორმა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან გრძელდება დღემდე, ცალსახად ვხედავთ გაუმჯობესებას. რასაც ამბობს ომბუდსმენი და არასამთავრობო სექტორი, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ არის ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება. ჩვენ გვჭირდება იუსტიციის სამინისტროს შეფასება. ჩემი შეფასებით, ჩემი აღქმით და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მაქვს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ პენიტენციური სისტემის რეფორმა გრძელდება და მიღწევებს, რომელიც გვაქვს, ჯერჯერობით საფრთხე არ დამუქრებია და დარწმუნებული ვარ, არც მომავალში დაემუქრება”,- აცხადებს კილაძე.