პანიკა უცნობი ვირუსის გამო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
სხდომა 22 იანვარს გაიმართება. საგანგებო კომიტეტმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ეს ვირუსი მსოფლიოსთვის საშიში. ამასთან, კომიტეტმა ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს.
მანამდე ჩინეთმა დაადასტურა რომ ახალი კორონავირუსი გადამდებია. ქალაქ უხანში დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. BBC-ის ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს. 
ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. 
დაავადებულთა შესაძლო რიცხვის დასადგენად მეცნიერებმა მოდელირების მეთოდი გამოიყენეს, რომელიც ვირუსის თავისებურებებს, უხანის მოსახლეობის რიცხვს და ფრენების სტატისტიკას ეყრდნობა.