ინაშვილი NDI-ის წინააღმდეგ

“პატრიოტთა ალიანსი” NDI-ის წინააღმდეგ – ირმა ინაშვილი კვლევის შედეგებს არ ეთანხმება და ორგანიზაციას “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, NDI-ისა და IRI-ის კვლევები საშიშროებას უქმნის ქვეყანას და “სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად იქცა”.

“NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში.

ინაშვილის თქმით, აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია, მხოლოდ პარტიების რეიტინგების საკითხს გასცდა.

„აქ არ არის საუბარი, რომ განულებულ, მინუს ერთ პროცენტიან პოლიტიკურ ლიდერებს და პარტიებს მიზანმიმართულად აწინაურებს „ენდიაიც“ და „აირაიც“, უწერს კოლოსალურ რიცხვებს, რაც ტრაგიკომიკურია, „ენდიაის“ ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას საქართველოს და იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად. ყველამ იცით, ტერორიზმი რა მოვლენაც არის, ტერორის ფორმები განსხვავდება და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რასაც აკეთებს „ენდიაის“ და „აირაის“ თბილისის ოფისების მენეჯმენტი, ქართულ კომპანიებთან ერთად, ეს არის ტერორის ერთგვარი ფორმა. ჩვენ ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ. გასაგებია, რომ საზოგადოება კარგად ხვდება, ტყუილს და მართალს არჩევს, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის, საზოგადოების და განსაკუთრებით მედიის როლის მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია, რომ ვამხილოთ ეს პროცესი, სიმართლე გამოვიტანოთ სააშკარაოზე.