კახი კალაძე-“კონგრესმენის მეგობრული კომენტარი ჩემთვის საინტერესო არ არის “

თბილისის მერი კახი კალაძე კონგრესმენ მალინის საქართველოს მთავრობის სახელზე გამოგზავნილი წერილს გამოეხმაურა. როგორც თბილისის მერმა განმარტა, “თითო კონგრესმენის მეგობრული კომენტარი” მისთვის პრიორიტეტული არ არის.

„მე არ ვიცნობ წერილის შინაარსს, თუმცა ნამდვილად ვერ მივიღებთ ისეთ კრიტიკას, რომელიც ნამდვილად დაუმსახურებელია. ქვეყანა დემოკრატიული თვალსაზრისით ვითარდება და 2012 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. შედარებებიც კი საკმარისია, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე გამოხატვის, სიტყვის თავისუფლების, თუნდაც ტელევიზიების მიმართულებით. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ქვეყანა ვითარდება, წინ მიდის. ამაზე მეტყველებს ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის ოფიციალური განცხადებები. ჩემთვის არ არის საინტერესო მისი განცხადება. ჩემთვის საინტერესოა ოფიციალური ამერიკის განცხადება. ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვიხილეთ ოფიციალური განცხადება, სადაც მიუთითებდნენ იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება და ეს დადებითად იყო შეფასებული. თითო-ოროლა კონგრესმენის მეგობრობით გაკეთებული განცხადება ჩემთვის საინტერესო არ არის“,-აღნიშნა კალაძემ.