საქართველოში 2019 წელს საქონლით ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 0.8%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

2019 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 825.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 13.0 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.9 პროცენტს შეადგენს. “საქსტატის” მონაცემებით, იმპორტის მოცულობამ 2 321.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (7.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.6 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 147.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 2.8 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წელს მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 28.3 პროცენტით განისაზღვრა.

ამასთან, 2019 წელს საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია $2 003.1 მილიონის საქონელი, რაც 20%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 53.1% შეადგენს. იმპორტის მოცულობა $2 438.6 მილიონს გაუტოლდა (9.5 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.9 %-ია. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან $4 441.6 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით მეტია.