C ჰეპატიტის მედიკამენტების გაფუჭებაზე კომპანია „გილიადი“ – მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის წამლების ამოწურვის შესახებ ამერიკული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათი არ არის, ვინაიდან როგორც წესი, ხდება საჭიროზე მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფა.

“ჩვენ ვიცით, რომ გილიადის მიერ საქართველოსთვის გადაცემული წამლების მცირე დოზას, რომელიც ჩვენი მხრიდან, ქვეყნისთვის დონაციის გზით გადაცემული მედიკამენტების 5 პროცენტს შეადგენს, ვადა ამოეწურა. ეს არ არის უჩვეულო, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, უფრო მეტი მედიკამენტით მარაგდება ვიდრე საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე”, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

„გილიადმა“ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს C ჰეპატიტის სამკურნალო უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაგრძელება.