„ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა უწევს” – მეუფე საბა

მეუფე საბა აცხადებს, რომ საქართველოში ეკლესიის პოპულარობის კლება ქართულ ეკლესიაში განვითარებული პროცესები გახდა.
მან განაცხადა, რომ „ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა უწევს”.

„ეს არის საზოგადოების პასუხი იმ პროცესებზე, რაც ბოლო ხანებში ქართულ ეკლესიაში ხდებოდა. მე ვცხოვრობ ამერიკაში,¬ სადაც ის სოციალური პრობლემები, რაც საქართველოშია, არ არსებობს, მაგრამ გულწრფელი დამოკიდებულებებისა და ერთიანობის პრობლემა ყველგან არის. ერთმანეთის მტრობა, ქიშპობა ყველგან არის, სადაც ქართველია. სხვა ქვეყნის შვილებშიც იქნება, მაგრამ მე ჩემს გასაჭირზე ვსაუბრობ. ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო. ყველამ ჩვენს თავში უნდა მოვაგვაროთ, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს. ერთმანეთი სიძულვილით კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, მოთმინებით და სიყვარულით ვეცადოთ ყველაფრის გამოსწორება. ყველაზე ადვილია ქვების სროლა და ჩაქოლვა. შემდეგ კაცს განადგურების პირამდე რომ მივიყვანთ, გვებრალება. ეს არ არის სიყვარული, ადამიანის სასოწარკვეთილებაში ჩაგდება ქრისტიანობა არ არის. თანდათან სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეობამდე ერსაც და ბერსაც მძიმე გზის გავლა გვიწევს.

ჩვენზეა დამოკიდებული, გადავრჩებით თუ არა. თუ ღმერთთან ერთობის კი არა, რაღაც სხვა მიზნის გამოა ადამიანი ეკლესიაში, ის ამას ვერ გაუძლებს. გულით მორწმუნესთვის არ არსებობს ძალა, რომელიც მას ეკლესიას და უფალს დააშორებს. ასე რომ, გადარჩევა მაინც მოხდება და ვინც გულწრფელად არის ეკლესიაში მისული, ამას საქმითაც დაგვანახებს,” – განაცხადა მეუფემ.