„განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია” – ნუკრი ქანთარია

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების მიხედვით, განათლებისა და კულტურის სამინისტროები გაიყოფიან.
ამის შესახებ ნუკრი ქანთარიამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პროცესი თებერვლიდან დაიწყება.
„განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოწინააღმდეგე არ შემხვედრია, ასეთი საერთოდ არ მეგულება. შეთანხმება არის, რომ ეს იყო შეცდომა და უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს კულტურის სამინისტრო. თებერვალში უნდა დაიწყოს ეს პროცესი და მერე გადმოვა პარლამენტში, რომ სრულყოფილებაში მოვიდეს, რადგან ბევრი კანონის სათაური იქნება შესაცვლელი.
აქ იყო „მცირე მთავრობის“ იდეა, მაგრამ ის, რომ შეუერთებელი რაღაცები ერთად შევაერთეთ, ეს შეცდომა იყო, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, მაშინ მარტო აღმოვჩნდი. ვიცოდი, როგორც კულტურის მუშაკმა და ამ საქმეში დიდი ხნით მყოფმა ადამიანმა, რომ ეს არ გაამართლებდა. მთელი ოკეანეა განათლება და ამისთვის კიდევ კულტურის მიწებება აბსოლუტურად ხელოვნური გამოდიოდა. კულტურის სამინისტრო არა მხოლოდ კოორდინაციას უნდა უკეთებდეს, იდეა უნდა არსებობდეს და ცდილობდეს ეს ეროვნული იდეა იყოს გატარებული. დოკუმენტი ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ პრაქტიკულად უნდა დაიწყოს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს თებერვალში განხორციელდება და დადგენილებას მთავრობა მიიღებს“, – თქვა ქანთარიამ.
ასევე აღინიშნა, რომ ბიუჯეტზე ეს არ იმოქმედებს, რადგან კუტურისთვის თანხა ისედაც ცალკე იყო გამოყოფილი.
„კულტურის ბიუჯეტი ცალკეა და 5 მილიონის დამატება მოვახერხეთ წელს. თეატრების, მუზეუმების წარმომადგენლებს ხელფასები, პენსიები მოემატათ. ამიტომ გაყოფა არ შექმნის პრობლემას, უმტკივნეულო პროცესი იქნება. ამასთან არ შეიქმნება შენობის პრობლემას, რადგან კულტურის სამინისტროს შენობაც არსებობს. რაც შეეხება მინისტრს, რა თქმა უნდა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ ბადრი მაისურაძე არის ძალიან კარგი კანდიდატურა, თუმცა, არ ვიცი მისი განწყობა როგორია. ჯერ გავყოთ სამინისტროები და შემდეგ ვისაუბროთ მინისტრზე“, – ამბობს ქანთარია.