სერგეი ლავროვი საქართველოს ხელებს აწმენდს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ხელი ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაციამ შეუშალა.

ლავროვის აღნიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთერთობა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს, რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია და 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა.

„სამწუხაროდ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს 2012 წლიდან, უარყოფითად იმოქმედა ქართველ რადიკალთა ივნისის პროვოკაციამ, რის საპასუხოდ, იძულებული ვიყავით, დროებით შეჩერებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით თბილისში გაკვეთილს ისწავლიან. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის ქართველ კოლეგას შორის. მხარეებმა გულწრფელი საუბარი გამართეს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატურ საკითხებზე. სამაგიეროდ, სამწუხაროა ის კომენტარები თბილისიდან, რომელიც გაჟღერდა საუბრის შედეგად. ჩვენი მხრიდან, არსებობს მუდმივი ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“, – აცხადებს ლავროვი.