ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასაბრუნებლად მზადაა

ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასაბრუნებლად მზადაა.

“ბუნებრივიცაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს თანახმა. მისი წერილობითი თანხმობა საჭიროა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ბატონი ირაკლის კანდიდატურაც. შემდეგ ეს კანდიდატურათა ნუსხა გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს და მათ შეარჩიეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და წარადგინეს იმ ორგანოში, ვინც ამ საკითხს წყვეტს. ირაკლი შოთაძე ნამდვილად მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა საგანს “მტკიცებითი სამართალი”, მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს. ამ სემესტრში მას სალექციო კურსი არ ჰქონია. მომავალ სემესტრში თუ ექნება სურვილი და თუ რამე არ შეიცვალა, დიდი ალბათობით წაიკითხავს “მტკიცებით სამართალს”, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ირაკლი გაბისონიამ.
მან ასევე დასძინა, რომ საბჭოზე ირაკლი შოთაძესთან ერთად რამდენიმე სტუ-ს ლექტორიცაა.

“სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშე ვერ დავასახლებ. ირაკლი შოთაძე ძალიან საინტერესო ლექტორია, ძალიან კარგად კითხულობს ლექციებს. პროფესიონალი იურისტია. შემიძლია თქვენც დაგასწროთ მის ლექციებს. ნახავთ, როგორი ანშლაგია, სტუდენტების დაინტერესებაა. პროფესიული კუთხით არის მაღალკვალიფიციური იურისტი, თავის საქმის მცოდნე. ჩვენი შეფასების კრიტერიუმი ესაა, დანარჩენი პოლიტიკური ნაწილი ჩვენ არ გვეხება. რატომ ირაკლი შოთაძე? იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობისთვის, ალაბათ, ამაზე გააკეთეს აქცენტი რომ მას ჰქონდა მენეჯერული თვისებები და გამოცდილება. ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება”, – თქვა გაბისონიამ.