„ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამჟამად ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავა, განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამჟამად ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობაა. ეს განცხადება მან „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და არის ორჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, ჩვენ ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თბოსადგურების მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

„ესაა ჩვენი რეზერვი, რაც სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“,- განაცხადა მდგრადი განვითარების მინისტრმა.