С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება 560,645,083 ლარია – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება გაასაჯაროვა, ის 560,645,083 ლარის აღმოჩნდა.

ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დავით სერგეენკოს განცხადების შემდეგ გააკეთა. მათ დასძინეს, რომ აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება – 560,645,083 ლარი ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება. უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს“, – აცხადებენ სამინისტროში.

შეგახსენებთ, სერგეენკომ დღეს აღნიშნა, რომ C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ. მან დასძინა, რომ „სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე“.
„ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 000 პაციენტის მკურნალობაზე“, – ამბობს სერგეენკო.