„ჩემი აზრით, ასლან ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია“ – ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას განცხადება მართებულია და ის პრობლემა რომელიც სოხუმსა და საქართველოს შორის არსებობს მათი თაობის მოსაგვარებელია, რადგან მომავალმა თაობამ შესაძლოა ის ემოციური ბმა დაკარგოს, რომელიც მათ აერთიანებთ.
„ჩემი აზრით, ასლან ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია. ყველაფერს ისეთს ვერ იტყვის, რაც ჩვენ მოგვეწონება. რეალურად ის ამბობს, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად არის დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან პრანჭვას და პირობის წაყენებას აზრი არ აქვს. დრო მიდის და როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ისე მათ წინააღმდეგ მუშაობს, ისინი უფრო ზიანდებიან იმიტომ, რომ აბსოლუტური თვითიზოლაციის გზას ადგანან, მაგრამ ჩვენს ინტერესებში არის, რომ დაიძრას პროცესი. მე ამის ნიშნებს ვხედავ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენზე არის დამოკიდებული. მე მეშინია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისტერიკის, რომელიც მოჰყვება ამ განცხადებას. დაველაპარაკოთ, ოღონდ ჩუმად, წყნარად სხვა ფორმატში შევხვდეთ. თუ შეგვეშინდება ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა. ჩვენ თაობას კიდევ ახსოვს აფხაზეთი, მომავალ თაობას საერთოდ არ ემახსოვრება და არანაირი ემოციური ბმა აფხაზეთთან არ ექნება, სურვილი არ ექნება არანაირი, რომ აფხაზეთი დაიბრუნოს და თუ გვინდა ეს პრობლემა გადავჭრათ, ეს ჩვენი თაობის საქმეა და მომავალ თაობას ამას ვერანაირად ვერ დავუტოვებთ. მათ ამის არც სურვილი და არც საშუალება ექნებათ,“ – განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსნებთ, ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს.