სახელმწიფო ინსპექტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მიზანი საარჩევნო პროცესების მიმდინარეობისას მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა გახდა.
ირკვევა, რომ მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის გეგმები შეაჯერეს.
„ცესკოს თანამშრომლებისთვის, ასევე ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ისინი უწყვეტ რეჟიმში შეძლებენ კონსულტაციების მიღებას.
უწყებები ითანამშრომლებენ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებშიც, პერსონალური მონაცემების დარღვევის პრევენციის მიზნით.
შეხვედრაზე სახელმწიფო ინსპექტორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ სამსახურის საგამოძიებო ფუნქციაზეც ისაუბრეს და დანაშაულის შესაძლო ნიშნების შემთხვევაში, შეტყობინების დროულად მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები დაგეგმეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.