გიორგი მამალაძის სიცოცხლე შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს – დეკანოზის ადვოკატი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ თუ დეკანოზი უახლოეს მომავალში არ დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას, მისი სიცოცხლე ფატალური შედეგით დასრულდება.

„გუშინ მოვინახულე დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ შეიწყალა. მინდა გითხრათ, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ის პრაქტიკულად სასიკვდილოდაა განწირული, რაც გამოიხატება ერთი მხრივ, მისი უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და მეორე მხრივ, რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობით. თუ ის უახლოეს პერიოდში არ დატოვებს საპატიმროს და მკურნალობისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საშუალება არ მიეცემა, არსებობს რეალური საფრთხე ეს მდგომარეობა ფატალური შედეგით დასრულდეს.
იმედს ვიტოვებ საზოგადოება, სახელმწიფო და სასულიერო პირები მას სასიკვდილოდ არ გაიმეტებენ!“ – აცხადებს ადვოკატი.