ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში – კახაბერ გვანცელაძე

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრედო პროცესი აღდგა.
ფაქტთან დაკავშირებით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ განცხადება გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლდა სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში პერსონალი 3 იანვრიდან იმყოფება და შესაბამის სამზადისშია. ორი დღის წინ დასრულდა ყველა საბავშვო ბაღში დეზინფექციის, დესინსექციისა და დერატიზაციის, ასევე გენერალური დალაგების სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი პატარებისთვის დაგვეხვედრებინა სუფთა, სტერილური და მოწესრიგებული გარემო. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვი იქნება შემოწმებული და პირველივე სიმპტომების შემთხვევაში ისინი არ დაიშვებიან საჯარო ბაღებში. სამ საჯარო ბაღში არ განახლდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ტექნიკური მიზეზების გამო”, – აცხადებს გვანცელაძე.
ცნობისთვის, ვირუსული ინფექციის საფრთხის გათვალისწინებით ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საინფორმაციო კამპანიით დაიწყო. ბაღის შესასვლელში მოეწყო საინფორმაციო კუთხე, სადაც ბაღის ჯანმრთელობის კოორდინატორებმა აღსაზრდელების მშობლებს ვირუსების გავრცელების საფრთხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები.