საქართველოში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება სამართალდამცათა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობა – Human Rights Watch

საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი საკუთარ ანგარიშში აცხადებს, რომ საქართველოში კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება სამართალდამცათა მხრიდან ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობა.

„დაფინანსების არარსებობის გამო, ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს სამართალდამცავი ორგანოების და სხვა საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაკვლევად შეიქმნა. ოფისი 1-ელ ნოემბერს ამოქმედდა,“- წერია ანგარიშში.

ასევე ისაუბრეს 20 ივნისი ღამეზეც და განაცხადეს, რომ საზოგადოების პროტესტი რუსეთის დუმის დელეგაციის ვიზიტმა გამოიწვია.

„20 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა,“- აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ პროტესტისას ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, თუმცა სხვა აქტივისტები ძალადობრივი ქმედებებით არ გამოირჩეოდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად პოლიციამ თავშეკავება გამოიჩინა, დაახლოებით შუაღამეს მათ წინასწარი გაფრთხილების გარეშე მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და შეკრებილი ადამიანები დააკავეს. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი და 32 ჟურნალისტი. ბევრ მშვიდობიან მოქალაქეს რეზინის ტყვიებისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნება თავზე, ფეხებსა და ზურზე. ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა,“ – აღნიშნეს განცხადაში.

ორგანიზაციამ ასევე დაწერა, რომ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობის საკითხი ცალმხრივად დააყენა.

„მათ დაიწყეს გამოძიება და ბრალი წაუყენეს აქციის 19 მონაწილეს. პროკურატურამ დაზარალებულად აღიარა 67 პოლიციელი და მხოლოდ 4 მოქალაქე. ბევრ დაშავებულ მომიტინგეს გამოძიების მასალების გაცნობის საშუალება არ მიეცა. სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, დაზარალებულის სტატუსი ნოემბერში კიდევ სამმა ადამიანმა მიიღო,“- წერია ანგარიშში.

Human Rights Watch-ის აღნიშვნით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ 3 პოლიციელი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებთ დააკავა, ისინი მოგვიანებით გირაოთი გაათავისუფლეს.

ორგანიზაციის ანგარიშში ასევე წერია, რომ სისხლის სამართლის დევნა არ დაწყებულა არცერთ შემთხვევაზე, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პროკურატურას გადაუგზავნა.
„სექტემბრისთვის ომბუდსმენის აპარატმა მიიღო 54 საჩივარი ციხის პერსონალის ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას 52 საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაზე არ განხორციელებულა,“ – წერია განცხადებაში.