პანკისის ხეობაში 2 ჰესი ჯერ ისევ არ შენდება

პანკისის ხეობაში 2019 წელს 2 ჰესის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა მას დღემდე ვერ იწყებენ. ორივე ჰესი კომპანია „ფერის“ უნდა აეგო, რისი ნებართვაც სახელმწიფოსგან მას ჰქონდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა იორდანაშვილი აცხადებს, რომ ჯერ ისევ მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები და მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილონ „პატრიოტი გარემოსდამცველების“ მიერ მოსახლეობის კვლავ შეცდომაში შეყვანა, თითქოს ჰესი უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებაზე.

„რამე კონკრეტულის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მშენებლობა დაწყებული არაა. გრძელდება მოსახლეობასთან კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეული გარემოსდამცველების მიერ მათი შეცდომაში შეყვანისგან იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჰესები გარემოს ზიანს მიაყენებს. დიდი იმედი მაქვს, მშენებლობა მალე დაიწყება“, – თქვა ლაშა იორდანაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ჰესის მშენებლობა მხოლოდ კომპანიაზე არაა დამოკიდებული, მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ მოსახლეობასთან და ინვესტორებთან.