„ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი“ – არჩილ თალაკვაძე

ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას პარტლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი.
მან ასევე გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილი და მისი განცხადება და თქვა, რომ ის მოსაზრება, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა პორტის მშენებლობა და თანხა არ ჰქონდათ, ტყუილია.

„ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის სურდა ანაკლიის პორტის აშენება და ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მან დაასახელა სავარაუდო რიცხვი – 220 მილიონი, რაც სჭირდებოდა პორტის მშენებლობას და თქვა, რომ ეს ფული არ ჰქონდა სახელმწიფოს, არ ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამავე დროს ააშენა მეორე პარლამენტი, ააშენა საკუთარი რეზიდენცია, რასაც უფრო მეტი თანხა დაახარჯა, ვიდრე პორტის მშენებლობისთვის იყო საჭირო. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ სტრატეგიული, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ დავიწყებთ ძიებას ახალი ინვესტორების ჩასართველად ამ პროექტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი პროექტი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან“, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.