14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

“14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. საქართველოს დროშა ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. საქართველოს სახელმწიფო დროშა საუკუნეების სიღრმიდან იღებს სათავეს, მისი მხატვრულ-შინაარსობრივი მხარე თეთრ ველზე გამოსახული ხუთი ჯვარი სამყაროს ოთხი მიმართულებით მისი ღირებულებების გავრცელების სურვილს და მისწრაფებას გადმოსცემს.

საქართველოს დროშით იყო აღნიშნული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ სიმბოლოდ აღმართავდა ხუთჯვრიან დროშას. დღეს ჯვარი სეკულარული სიმბოლოა, მაგრამ თანამედროვე ღირებულებების გავრცელების და აღიარების ამბიცია რთულ რეგიონში კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების მაპროფილებელ ნიშნად.

ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, ერისთავების სასახლეში საქართველოს დროშას საზეიმოდ აღმართავს და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ტრადიციას არ დაარღვევენ თბილისის საკრებულოს წევრები და წელსაც, 12:00 საათზე შენობის აივნებიდან საქართველოს დროშებს გადმოჰფენენ.