უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯოდმარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს სხვა მოსამართლეებს შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს. მან დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღეს.

„ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ ერთი მოწვევის პარლამენტი არ დააკომპლექტებდა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს. მოგეხსენებათ, ამ მოწვევის პარლამენტმა 28 -დან 14 მოსამართლე აირჩია. შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით ამ განცხადებაზე. შემდეგი მოწვევის პარლამენტი აირჩევს უკვე სხვა მოსამართლეებს“, – თქვა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 14 მოსამართლის დანიშვნაზე ეუთო/ოდირის დასკვნას. აღნიშნა, რომ ორგანიზაციის დასკვნაში უამრავი უხეში დარღვევაა.

„დეტალურად გავეცანი ეუთო/ოდირის დასკვნას. მასში უამრავი უხეში ტექნიკური, ფაქტობრივი და შინაარსობრივი ხარვეზია, რაც ხალიან სამწუხაროა. ჩვენ კომუნიკაცია გვექნება საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ჩვენს ამ თანამშრომლობას. არ შეიძლება, რომ ასეთი ხარვეზებით იყოს დატვირთული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დასკვნა. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი“, – თქვა ყოფილმა თავმჯდომარემ.