სალომე ზურაბიშვილი გურიას ეწვია

საქართველოს ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი, გურიას ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის გურიაში 3 დღის განმავლობაში დარჩება, შეხვდება ადგილობრივ ხელისუფლებას და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

„14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს: სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე- სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი, 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.

პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, ღონისძიებას „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ, პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისათვის ჩატარდება.

აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისათვის, 19-20-21 დეკემბერს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე, თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი, 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.