ბახტაძე: ხაზარაძე ტყუის

სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ბახტაძე საკითხზე  განცხადებას ავრცელებს სადაც  პროექტის მიმართ სახელმწიფოსა და პრემიერობის დროს პირადად თავის მხარდაჭერაზე საუბრობს. ყოფილი პრემიერი მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ საკითხთან მიმართებაში ხაზარაძე არსებული რეალობის “დამახინჯებას უშედეგოდ” ცდილობს.
ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები.
რეალურად კი, საზოგადოებას შევახსენებ, რომ სახელმწიფოს ვალდებულება პორტის ტერიტორიამდე რკინიგზის მიყვანაში, ასევე, გარკვეული მიწების გამოსყიდვასა და პორტისთვის გადაცემაში გამოიხატებოდა, თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპარტნიორო ფონდი კონსორციუმს 100 მილიონი დოლარის ოდენობის სუბორდინირებული სესხით დახმარებოდა.
გარდა ამისა, ხელისუფლების ინიციატივით, ანაკლიის განსაკუთრებული მნიშვნელობა საკონსტიტუციო ჩანაწერითაა ხაზგასმული, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი, მტკიცე გარანტიაა საერთაშორისო ინვესტორებისთვის და პროექტს კიდევ უფრო საინტერესოდ და მიმზიდველად აქცევს. ეს ყველაფერი ნათლად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს საკუთარი ვალდებულებები პირნათლად და გადაჭარბებით აქვს შესრულებული. ამას ნათლად ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2016 წლიდან – დღემდე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო შვიდჯერ გადაუვადა.
წლების განმავლობაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება.
ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ როლს ჩვენი ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში; ჯერ კიდევ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორობისას, აქტიურად ვუჭერდი მხარს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის რეალიზაციის პროექტს; ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ჯერ ფინანსთა, შემდეგ კი – პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ყოფნის დროს.
უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა – აცხადებს ბახტაძე