ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ

სოხუმში, ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

მათივე ცნობით, აქციაზე დაახლოებით 1000 მომიტინგე იმყოფება. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება ე.წ. სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის.

ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.

დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.