ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენებისთვის აუცილებელია – მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორებს ეძებს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ეს პროექტი ლოგისტიკური პოტენციალის გამოყენებისთვის აუცილებელია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კი ამ მოვალეობის შესრულება ვერ შეძლო.

„აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება. ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – თქვა ვიცე-პრემიერმა.