ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს – დონალდ ტრამპი

ირანმა ტერორისტების დახმარება უნდა შეწყვიტოს, – განაცხადა ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, ირანმა მტრული დამოკიდებულება 2015 წელს „სულელური“ ბირთვული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გააძლიერა.

„მტრობა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 2015 წელს სულელურ ირანულ ბირთვულ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მას 150 მილიარდი დოლარი მისცეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, 1,8 მილიარდ დოლარ ნაღდ ფულზე. აშშ-სთვის მადლობის თქმის ნაცვლად, ისინი სკანდირებენ “სიკვდილი ამერიკას“, – თქვა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ფულით ირანი ტერორიზმს აფინანსებდა და იემენში, სირიაში, ლიბანში, ავღანეთსა და ერაყში „ჯოჯოხეთი შექმნა“.

„რაკეტებისთვის, რომელიც წუხელ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს დაგვიშინეს, იმ თანხით გადაიხადეს, რომელიც წინა ადმინისტრაციამ გახადა ხელმისაწვდომი”,- დონალდ ტრამპი.
ირანმა ბირთვული ამბიციები უნდა შეწყვიტოს და ტერორიზმის დახმარება დაასრულოს დასძინა ტრამპმა.

„მოვიდა დრო, როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, რუსეთმა და ჩინეთმა უნდა აღიაროს რეალობა და ირანის ბირთვული შეთანხმების ნაშთებს თავი დააღწიონ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ და მივაღწიოთ ირანთან ისეთ შეთანხმებას, რომელიც მსოფლიოს უფრო დაცულ და მშვიდობიან ადგილად აქცევს. ასევე ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანს წარმატებასა და განვითარებას მოუტანს“, – ამბობს ამერიკის ლიდერი.

„ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელია, თუკი ირანი ძალადობის გაღვივებას განაგრძობს“- აღნიშნა მან.