სხდომაზე გიორგი გახარია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს შეეხო

საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ, განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან“. ეს განცხადება მან ახლო აღმოსავლეთში განცვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.

პრემიერის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო იმ დაძაბულობაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში განვითარდა. ჩვენ პირველივე დღიდან დღემდე სრულ სინქრონში და ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარნტიორებთან და მათთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს და აქტიურ დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, რამეთუ ფართოდ რეგიონისთვის ყველა სახის დაძაბულობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად დიდი პრობლემაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლო კავშირზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დღესაც, დღემდე ყურადღებით თვალყურს ვადევნებთ რა ხდება ფართოდ რეგიონში. გარდა ამისა, ყველა შესაბამისი უწყება საქართველოს მთავრობის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო მჭიდრო კავშირშია თავის პარნტიორებთან და ერთობლივად მუშაობენ, რამეთუ ერთობლივად იყოს გაანალიზებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება შეიქმნას ჩვენი ქვეყნისთვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებისგან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება მისი წარმომადგენლობის, საკონსულოების, საელჩოების მეშვეობით, რომ შესაძლო გართულებებისას,საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შეიძლება იმყოფებოდეს დაძაბულობის ზონაში, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს,“- ამბობს გახარია.