ბაკურიანში ტექნიკური პრობლემების მოგვარება უკვე დასრულებულია – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში სასტუმროებისა და დამსვენებლების 80%-ს წყალი უპრობლემოდ მიეწოდებოდათ, დარჩენილი 20% კი წყალმზიდების საშუალებით მარაგდებიან.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ბაკურიანსა და გუდაურში ჩამოსვლის გეგმები აქვთ, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ბაკურიანში წყლის პრობლემა სასტუმროების მხოლოდ 20%-ს ჰქონდა, აქედან 10 %-ს არ მიეწოდებოდა წყალი და მიეწოდებოდა მხოლოდ წყალმზიდების საშუალებით. მათ 31 იანვრიდან მუდმივ რეჟიმში ვუვსებდით წყლის რეზერვუარებს და ასეთი სახით ვაწვდიდით წყალს, ხოლო მეორე 10%-ს გრაფიკით, შეფერხებით მიეწოდებოდა წყალი. სასტუმროებისა და დამსხვენებლების 80%-ს ბაკურიანში წყლის შეფერხება არ ჰქონია. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც აქვთ ბაკურიანში ჩამოსვლისა და დასვენების სურვილი“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე დასძინა, რომ ტექნიკური პრობლემების მოგვარება უკვე დასრულებულია.
„სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ყველა ტექნიკური პრობლემა, მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა, იმისთვის რომ წყლის დანაკლისი შეგვევსო, არის დასრულებული. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ უკვე ამ დანაკლისის შევსებას იმისთვის, რომ ბაკურიანის დარჩენილ 20%-ს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს წყალმომარაგების ქსელის მეშვეობითაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ შსს-ს სამაშველო საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ამ სასტუმრობსაც კი მუდმივ რეჟიმში ვაწვდიდით წყალს. ამ დღეების განმავლობაში, 700 ტონაზე მეტი წყალი არის მიწოდებული მხოლოდ ამ სასტუმროებისთვის“, – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მინისრის განცხადებით, ტურისტებმა უბრალოდ სასტუმრო შეიცვალეს და გადავიდნენ იმ დაწესებულებებში, სადაც წყალმომარაგებას პრობლემა არ შექმნია.

„რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სასტუმროებში იყო გაუქმებული ჯავშნები. ნაწილობრივად, ტურისტები გადავიდნენ სხვა სასტუმროებში, სადაც წყლის პრობლემა არ იყო. როგორც უკვე გითხარით, ეს პრობლემები აღმოფხვრილია – გუდაურს უწყევეტ რეჟიმში მიეწოდება წყალი, რედკოს დასახლებასაც. ბაკურიანში სასტუმროების იმ 10%-საც, სადაც წყლის პრობლემა იყო, იქაც დღეს ვფიქრობთ, რომ წყლის მიწოდებას შევძლებთ.

ჩვენ დიდ ფინანსურ ზარალთან შეხება არ გვაქვს, ვინაიდან 31 დეკემბრიდან ამ დღეების განმავლობაში, მუდმივ რეჟიმში, განუწყვეტლივ ვაწვდიდით ამ სასტუმროებს წყალს, ვუვსებდით მათ რეზერვუარებს და აქედან გამომდინარე, ეს სასტუმროები დღესაც ემსახურებიან დამსვენებლებს“, – მაია ცქიტიშვილი.