ნავთობის ფასი საგრძნობლად მოიმატებს – ავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ნავთობის ფასი საგრძნობლად მოიმატებს – აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.
მან აღნიშნა, რომ ირანი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, ის ვითარება კი, რომელშიც ახლა ირანი იმყოფება, ნამდვილად იქონიებს გავლენას ნავთობპროდუქტზე.
„პრობლემა ზოგადად ახლო აღმოსავლეთში, სხვა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებთან მიმართებაშიც მძაფრადაა გამოხატული: ლიბია, სადაც თურქეთის ჯარები შედის, თავად ერაყში არსებული ვითარება, რადგან ერაყიც მნიშვნელოვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყანაა. ახლო აღმოსავლეთი ნავთობის მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი და მიმწოდებელი რეგიონია და იქ თუნდაც უმნიშვნელო კრიზისიც ყოველთვის გარკვეულწილად ახდენს გავლენას ნავთობის ფასზე. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისი სახეზე იყო, ამ დღეებში ნავთობის ფასი მაინც არ აფიქსირებდა მნიშვნელოვან ზრდას, იქიდან გამომდინარე, რომ იყო მოლოდინის რეჟიმი, რა ქმედებებს განახორციელებდა ირანი, დაიწყებდა თუ არა კონკრეტულად საომარი მოქმედებები – ირანმა დაიწყო ეს პროცესი და შესაბამისად, რა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, რა ფონი შეიქმნება სამომავლო დღეებში ამ მიმართულებით“, – ამბობს მთვრალაშვილი.
ასევე ის პასუხობს კითხვას, თუ როგორ იქონიებს ეს გავლენას საქართველოში საწვავის ფასზე.
„პირველი იანვრიდან „ოპეკი“ და პლუს, სხვა წევრი ქვეყნები ამცირებენ ყოველდღიურ ნავთობის მოპოვებას 1.7 მილიონი ბარელით. ეს ნიშნავს, რომ ისედაც ნაკლები ნავთობი უნდა მიეწოდოს მსოფლიო ბაზარს, ეს იყო ის ნაბიჯი, რასაც ფასების მატება უნდა განეპირობებინა. მთლიანობაში, ეს საკმაოდ რთული ფონი და ის, რასაც „ოპეკი“ და მნიშვნელოვანი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები მიმდინარე წელს ვარაუდობდნენ, არ ქმნის სახარბიელო ფონს.
რაც შეეხება ამის გავლენას საქართველოში, ფასების მატება როგორ იქნება, გააჩნია. არსებობს პროგნოზირებადი ფასების მატება, რომელიც გარკვეულ დიაპაზონში ხდება და რომელიც შეიძლება ითქვას, უმტკივნეულოც იყოს ჩვენთან არსებულ ფონზე ასახული. მაგრამ არსებობს მეორე სცენარიც, როდესაც ფასები იწევს სწრაფად, არაპროგნოზირებადი ხდება. რა სცენარით განვითარდება მოვლენები, ეს უახლოეს პერიოდში გამოიკვეთება. ყველა ვარიანტში, ჩვენთან ამ გავლენების ასახვა იქნება, რადგან დამოკიდებულები ვართ გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებაზე. ეს უბრალოდ, რაღაც გარკვეულ დროში გაწელილი პროცესი იქნება. გარდა ამისა, ლარის გაცვლით კურსიც დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება, ბოლო პერიოდში ის მყარდება და რამდენად შეინარჩუნებს სტაბილურობას. აი, ეს იქნება ამ ყველაფრის განმაპირობებელი, თუმცა, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ერთადერთი პროდუქტი, რომელიც თავისი ფასის სტაბილურობით გამოირჩეოდა, სწორედ საწვავი იყო და უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში, რაღაც დროს, 5-10 თეთრით შემცირებაც კი მოხდა“, – აღნიშნავს მთვრალაშვილი.
არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად, მან უპასუხა, რომ „ამ ეტაპზე ისეთი არაფერი ხდება, ერთადერთი, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ფასები მატებისკენ მიდის“.
„მომავალში რა იქნება, ეს რთული სათქმელია. საერთაშორისო და გარე ფაქტორებზე დამოკიდებულ ვითარებაზე არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. თუ ამ რეგიონში მშვიდობა არ იქნება და ვითარება სამხედრო ესკალაციისკენ წავიდა, ორი აზრი არ არსებობს, ფასები მოიმატებს, თანაც, მნიშვნელოვნად. სახელმწიფოს ბერკეტი რა არის? – არაფერი, რადგან თავიდან ბოლომდე იმპორტსა და საერთაშორისო ფასებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა ლარის დოლართან მიმართებაში გაცვლითი კურსიც ითამაშებს გარკვეულ როლს“, – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.