თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა – დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად მისი ადვოკატი მივიდა.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა დაინტერესებული და თუ მას შიმშილობა აქვს გადაწყვეტილი შეეცდება გადააფიქრებინოს.
„პირველ რიგში უნდა გავერკვიო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში და შესაბამისად, თუ ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ყველანაირად ვეცდები, რომ გადავათქმევინო შიმშილობა იმიტომ, რომ ეს იმ ადამიანების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებმაც თავიდან ბოლომდე ეს სიბინძურე და ეს არაადამიანური, ორგანიზებული ქმედებები განახორციელეს დეკანოზის წინააღმდეგ”, – თქვა დეკანოზის ადვოკატმა.
მან ასევე დასძინა, რომ ადვოკატები სასჯელის გადავადებაზეც ფიქრობენ.
„ჩვენ ყველაფერზე ვფიქრობთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის ორი დასკვა, რომელიც ერთმანეთს არ შეესაბამება და პირდაპირ ნათლად ჩანს, რომ პენიტენციურმა სისტემამ სადაც ჩაატარა ექსპერტიზა, ეს არის შეკვეთილი, რაც სურდათ, სიმულაციის ჩაწერა, ის ჩაუწერეს, რაც აბსურდი და სირცხვილია ექიმები რომ ასეთ დონემდე მიდიან და ასეთ გარიგებას აწარმოებენ ხელისუფლებასთან და გარკვეულ პირებთან. რა თქმა უნდა, ყველაფერს გამოვიყენებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და არ ეწირებოდეს არავის სიცოცხლე და არც ჩვენი მომავალი გარკვეული პირების პირად ამბიციებს და ვანდალურ, არაადამიანურ, ცხოველურ მიზნებს”, – ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, ადვოკატის გარდა დეკანოზის მონახულებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძეც გეგმავს.