ანტივირუსული საშუალება „ტამიფლუ“ გარკვეული ჯგუფებისთვის უფასო გახდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ სეზონზე გრიპის ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, გვაქვს გრიპის დიაგნოზით გარდაცვალების ორი შემთხვევა ამ სეზონზე, რომელიც ლაბორატორიულად არის დადასტურებული. ერთი არის აჭარაში, მეორე კი – იმერეთში. სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაგვიანებულ მიმართვას, მოზრდილია ორივე და ორივე შემთხვევაში იყო მძიმე თანმხლები დაავადებები”, – აღნიშნა მან.

გამყრელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გრიპის ვირუსის საპროფილაქტიკო საშუალებებზე.

“5 საკვანძო საკითხია – ვაქცინაცია, ხშირად ხელების დაბანა, სველად დალაგება, ავადმყოფთან ნაკლებად ყოფნა, თუ სიცხე აქვს, სამსახურში, ბაღში თუ სკოლაში არწასვლა და ა.შ. ეს ძალაშია. წელს ბევრად მეტი ადამიანი ავცერით ქვეყანაში, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტ ადამიანს ჩაუტარდა ვაქცინაცია, ვიდრე შარშან. ჩვენთან ვაქცინაციის კულტურა დაახლოებით ბოლო 5 წლის განმავლობაში გაძლიერდა, დავიწყეთ 5 000-ით, წელს სახელმწიფომ იყიდა ვაქცინის 100 000 დოზა და დღევანდელი რიცხვით უკვე აცრილია დაახლოებით 95 370 მაღალი რისკ-ჯგუფის ადამიანი. ანუ 95 370 ადამიანია დაახლოებით სახელმწიფოს მიერ აცრილი წელს, დაახლოებით 30 000 აცრა კერძო სექტორმა, სულ დაახლოებით 125 000-მდეა აცრილი, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია. ანუ, წელს ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდა გრიპის სეზონს და რაც მთავარია, მოთხოვნილება და ნდობა ვაქცინაციის მიმართ მოქალაქეებში გაიზარდა, რაც კარგი ნიშანია, რომ მომავალ წელს უფრო მეტი რაოდენობით ადამიანის აცრაზე ვიფიქროთ. იმედია, კერძო სექტორიც უფრო მომზადებული შეხვდება სეზონს და იქნება უფრო მეტი მიმართვა არა მარტო რისკ-ჯგუფების, არამედ დანარჩენი მოსახლეობის”, – თქვა მან.
ასევე ისაუბრა მინისტრის ორი ბრძალების შესახებ.

„30 დეკემბერს გამოვიდა მინისტრის 2 ბრძანება, რომლის მიხედვითაც გრიპის სეზონთან დაკავშირებით გახანგრძლივდა თბილისში სამი პოლიკლინიკის მუშაობის გრაფიკი: ერთი გლდანში, ერთი თბილისის ცენტრში, მესამე კი ვარკეთილში. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა და ისინი ღამის 10 საათამდე ემსახურებიან მოსახლეობას, როგორც ტელეფონით ისე ადგილზე მისვლით და პაციენტების მიღებით. მშობლების საყურადღებოდ, თუ ბავშვს სიცხე აქვს 38.5 გრადუსზე მეტი, აუცილებელია, პირველი დღის შემდეგ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია ჩატარდეს. ასევე მოზრდილის შემთხვევაში, თუ აქვს მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, ჩატარდეს კონსულტაცია.

ამასთან, მინისტრის მეორე ბრძანების თანახმად, ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა გარკვეული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, 100 000 სარეინტიგო ქულამდე ვისაც აქვს, ყველაზე ეფექტური ანტიგრიპოზული, ანტივირუსული პრეპარატი – „ტამიფლუ“, რომელიც არის ფინანსურად ხელმისაწვდომი, ანუ უფასო სახელმწიფოს ხარჯზე. ის გაიცემა ექიმის დანიშნულებით, ფორმა 100-ის და რეცეპტის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან, რომლებიც ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქშია. დღემდე როგორც მაქვს ინფორმაცია, უკვე 33 ადამიანზეა გაცემული”, – თქვა გამყრელიძემ პრესკომფერენციისას.