საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა – საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ საპატრიარქოსთვის დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლება სასურველი იქნებოდა.

“მოგეხსენებათ, რომ ეკლიესიას დღეს სრულიად სხვა სამზადისი აქვს, თუმცა, რადგანაც საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესია და ჩვენთან ბევრი ზარი იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ ბრიფინგს შეწყალების თაობაზე გამოვეხმაუროთ.

უპირველესად უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკლესიის მიმართ თითქმის სამწლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა, შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, სინოდმა. სინოდის მიერ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე, არის უმარლესი ლეგიტიმაციის, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიისთვის და ის გამოხატავს ეკლესიის ნებას. პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთა თავისი ხედვა თუ რატომ არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე. რომ აღარ ვისაუბროთ იმაზე, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვისაუბროთ იმაზე, რომ ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი გულმოწყალებას გულისხმობს, ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მისაღები, სასურველი იქნებოდა რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი, თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა.
ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ ამ ფაქტორს, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას, ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს და ჩვენი ხედვით გარკვეულ მძევლადაც კი არის ეს ადამიანი იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება ამ კუთხითაც გავზომოთ, რომ დასრულდებოდა ეს სპეკულაციები და სპექტაკლი“, – აცხადებს ჯაღმაიძე.