გიორგი მამალაძისთვის შეწყალებაზე უარის თქმა პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იყო – არჩილ ტალაკვაძე

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მის პირად გადაწყვეტილებად აფასებს.

მან დასძინა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტებით გათვალისწინებული იყო.

„კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება . ბევრი საქმე იყო განხილული როგორც ჩანს, მე არ ვიცნობ თვითონ ამ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივად ისეთი მასშტაბის, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებში. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რათა საქართველოში შეწყალების პროცესი დაემსგავსოს პრაქტიკას და მექანიზმებს, რომელიც არის აშშ-სა და ევროპაში. დანარჩენი უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მექანიზმებმა, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ელექტრონული პატიმრობა, ეს არის დაწესებულებები, სადაც შაბათ- კვირას პატიმრები ოჯახებში მიდიან,“- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.