ამა წლის 1 თებერვლიდან სესხის გაცემასთან დაკავშირებით, ახალი რეგულაციები ამოქმედდება

კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, სესხის გაცემასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

პირველი თებერვლიდან სესხის გამცემ სუბიექტებს აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, სესხის გამცემ სუბიექტს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც. კომერციულ ბანკს, ამ ბრძანების ამოქმედებამდე გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, ეკრძალება გამოთავისუფლებული ქონების ჩანაცვლება იმ ქონებით, რომელიც მიღებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული აკრძალვა ასევე მოქმედებს საკრედიტო ხაზის ლიმიტის აუთვისებელ ნაწილზეც“, – აღინიშნა განცხადებაში.